iAI-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა
iAI-ს შპს „ეი აი ნაუ“ მართავს. ამ პოლიტიკაში აღწერილია, როგორ იყენებს iAI პერსონალურ მონაცემებს ანგარიშების სამართავად და სამუშაო სივრცის ფუნქციების, მათ შორის Copilot-ის, უზრუნველსაყოფად. პოლიტიკა არ მოიცავს დაკავშირებულ პროდუქტებში მონაცემთა დამუშავების ყველა შემთხვევას.
თქვენი ანგარიში
პაროლით რეგისტრაციისას გთხოვთ, მიუთითოთ სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი. ანგარიშში ელფოსტის მისამართითა და პაროლით შედიხართ. დადასტურების კოდის გამოსაგზავნად ტელეფონის ნომერს SMS-ის სერვისის მიმწოდებელს გადავცემთ. ამ გზით დასარეგისტრირებლად ოთხივე მონაცემი აუცილებელია.
თუ სხვა სერვისის ანგარიშით შედიხართ, iAI ანგარიშის მონაცემებს ამ სერვისისგან იღებს. ვიყენებთ სესიის მონაცემებსაც, მაგალითად, IP მისამართს, მოწყობილობის შესახებ ინფორმაციასა და შესვლის დროს. ეს მონაცემები სესიების შენარჩუნებასა და მართვაში, ასევე ანგარიშების დაცვაში გვეხმარება.
Copilot და თქვენი ფაილები
iAI ინახავს თქვენს შეტყობინებებს, Copilot-ის პასუხებს, ჩატში მიმაგრებულ ფაილებსა და დაგეგმილი დავალებების ინსტრუქციებს. ასე შეგიძლიათ საუბარს დაუბრუნდეთ ან დავალება მოგვიანებით შესასრულებლად დაგეგმოთ. პასუხის მოსამზადებლად iAI-მ შესაძლოა OpenAI-ს გადასცეს თქვენი მოთხოვნის ტექსტი, საუბრის ან დაკავშირებული პროდუქტის შესაბამისი მონაცემები და გასაანალიზებლად შერჩეული ფაილები. თუ შეტყობინებას კარნახობთ, iAI აუდიოჩანაწერს ტექსტად გადასაყვანად აგზავნის.
აღვრიცხავთ, რომელი მოდელები გამოვიყენეთ, რა მოცულობის მონაცემები დაამუშავეს და დაფიქსირდა თუ არა შეცდომები. ამ ჩანაწერებს გამოყენების ლიმიტების დასაცავად და პრობლემების გამოსავლენად ვიყენებთ. ჩანაწერებს ჩატის ისტორიისგან ცალკე ვინახავთ.
ქუქი-ფაილები და არასავალდებულო ანალიტიკა
iAI ქუქი-ფაილებსა და ბრაუზერის საცავს იყენებს სესიის შესანარჩუნებლად და პარამეტრების დასამახსოვრებლად. Google Analytics საიტით სარგებლობის მონაცემებს მხოლოდ თანხმობის შემდეგ აგროვებს. ანალიტიკაზე უარის თქმა არჩევანის ფანჯარაშივე შეგიძლიათ.
ამ ბრაუზერში ანალიტიკის პარამეტრის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ქვემოთ. ანალიტიკის გამორთვის შემდეგ ანგარიშიდან არ გამოხვალთ და სხვა პარამეტრები არ შეიცვლება.
არასავალდებულო ანალიტიკა გამორთულია.
რას ვინახავთ და რას ვშლით
საუბარს რომ დაუბრუნდებით, შენახული ჩატი და მიმაგრებული ფაილები ხელმისაწვდომი იქნება. ჩატის წაშლის შემდეგ iAI-ში ვეღარ გახსნით ვერც ჩატს და ვერც მიმაგრებულ ფაილებს. სესიის ჩანაწერებს შენახვის ვადა აქვს. უსაფრთხოებისა და ანგარიშსწორების ჩანაწერები და სარეზერვო ასლები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდხანს შევინახოთ.
iAI-ის ანგარიშის დახურვა ან პროდუქტის გათიშვა თავისთავად არ შლის ყველა ჩანაწერს დაკავშირებული პროდუქტებიდან ან სარეზერვო ასლებიდან. თუ კონკრეტული ჩანაწერის წაშლა გსურთ, გვითხარით, რომელ მონაცემსა და პროდუქტს ეხება თქვენი მოთხოვნა.
მოთხოვნები პერსონალურ მონაცემებზე
შეგიძლიათ გვკითხოთ, რა პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ. ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი ასლი, შესწორება ან წაშლა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა ასევე შეგეძლოთ დამუშავების შეზღუდვის ან მონაცემების გადატანის მოთხოვნა, დამუშავების გაპროტესტება ან მონაცემთა დაცვის ორგანოში საჩივრის შეტანა.
მიუთითეთ, რომელ ანგარიშს, პროდუქტს ან მონაცემს ეხება მოთხოვნა. შესაძლოა თქვენი ვინაობის დადასტურება დაგვჭირდეს. პაროლი და დადასტურების კოდები არ გამოგვიგზავნოთ.